English / ქართული / русский /
ნათია სურმანიძეანა ჩაგელიშვილი
ტექნოლოგიური პროგრესის უარყოფითი გავლენა დასაქმების ბაზარზე (სამშენებლო სექტორის მაგალითზე)

ანოტაცია. ტექნოლოგიური პროგრესის კლასიკურ მაგალითებს ძირითადად ინდუსტრიული რევოლუციები წარმოადგენენ და ხშირად დღევანდელ მსოფლიოს მე-4, ტექნოლოგიური რევოლუციის ეტაპზეც განიხილავენ. მოსაზრება, რომ მეცნიერულ-ტექნოლოგიურ პროგრესს გავლენა აქვს ეკონომიკაზე, ცვლის ადამიანის ცხოვრებას და დასაქმების ბაზრის სტრუქტურასა თუ მოცულობას, მრავალი კვლევით არის გამყარებული და დამტკიცებული, თუმცა როგორც ყველა მოვლენას, ტექნოლოგიურ პროგრესსაც აქვს დადებითი და უარყოფითი შედეგები. სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის კრიტიკული განხილვა წარმოადგენს ავტორების მიზანს წინამდებარე ნაშრომში, რომლის მისაღწევადაც შერჩეულ იქნა სამაგიდო კვლევის მეთოდი. ნაშრომში გაანალიზებულია მეორეული სტატისტიკური მასალა, რაზე დაყრდნობითაც ნაჩვენებია საქართველოს და არგენიტინის მაგალითზე სამშენებლო სექტორის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლის, პექსპექტივები, გამოწვევები და ტრენდები. ნაშრომი გარკვეულ საფუძველს წარმოადგენს შემდგომი კვლევებისთვის და საინტერესო იქნება ამ მიმართულებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

საკვანძო სიტყვები: დასაქმების ბაზარი, სამშენებლო სექტორი, ტექნოლოგიური პროგრესი. 

შესავალი

ტექნოლოგიური განვითარება თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თითქმის არ არსებობს დარგი, რომელიც არ განიცდის მის ზეგავლენას. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ მაღალტექნოლოგიური წარმოება იძლევა დიდ პოტენციალს საერთაშორისო ბაზრებზე პატარა ქვეყნების  თავის დასამკვიდრებლად. მნიშვნელოვანია ასევე იმის ხაზგასმაც, რომ ტექნოლოგიური ტრანსფერი გლობალიზაციის პირობებში მეტად გამარტივდა. როდესაც ქვეყანაში შედის უცხოური ინვესტიცია, ავტომატურად მიყვება მას ტექნოლოგია და ცოდნა. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სუსტად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ეს სიკეთე ადეკვატურად აითვისონ და გამოიყენონ.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანების შრომა უფრო მარტივი გახადა. სულ მცირე  მაგალითად  შეიძლება მოვიყვანოთ კომპიუტერი,  რომ აღარაფერი ვთქვათ რობოტებსა და ხელოვნური ინტელექტის არაერთ მიღწევაზე. ტექნოლოგიები ადამიანებს შრომატევად საქმიანობებში და მძიმე სამუშაოების შესრულების პროცესში დიდ დახმარებას უწევს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მრავალი პროფესია მომავალში შესაძლოა აღარ არსებობდეს და ჩანაცვლდეს ავტომატიზაციით. პერსპექტივაში პროცესი გვაძლევს იმაზე დაფიქრების მიზეზს, რომ შესაძლოა დასაქმების ბაზრის სტრუქტურა საკმაოდ შეიცვალოს.

სამშენებლო სექტორი საქართველოსა და მსოფლიოში სულ უფრო სწრაფად იზრდება და თავისი ბუნებიდან გამომდინარე ტექნოლოგიები სწორედ ამ სფეროში განაპირობებენ ძირეულ გარდაქმნებს, დაწყებული მშენებლობის დაგეგმვისა და მოდელირების პროცესით, რაც უკვე ფურცლის გარეშე შეუძლია არქიტექტორს განახორციელოს, დასრულებული მწვანე მშენებლობებით, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედება და ეკომეგობრული შენობები მომავლის მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად იქცეს [Afable, 2019].

აღნიშნული საკითხები მოცემულ კვლევას ხდის აქტუალურსა და ტრენდულს შესწავლისა და გაანალიზების თვალსაზრისით, ამასთან გამოკვეთს ნაშრომის შექმნის ძირითად მიზანს, რომ გაანალიზდეს ქართული და საერთაშორისო გამოცდილება სამშენებლო სექტორის ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების გამოვლენის კუთხით. საკითხები გაანალიზებულია დასაქმებასთან მჭიდრო კავშირში, რადგან სწორედ სამშენებლო სექტორია ძირითად დამსაქმებლებს შორის ქართული დასაქმების ბაზარზე. 2020 წლის მაჩვენებლით, მთლიან დასაქმებულებში ამ სფეროს წარმომადგენელთა რაოდენობა 7%-ს შეადგენდა [საქსტატი, 2022]. ამასთან  უნდა აღინიშნოს, რომ დარგისთვის დამახასიათებელია ის სპეციფიკაც, რომ განათლების მაღალი დონე სულაც არაა საჭირო სამუშაოს დასაწყებად, რაც სოციალური პრობლემების მქონე ქვეყნის მაგალითზე კიდევ უფრო ყურადსაღებია. 

სამშენებლო სექტორი და ტექნოლოგია მსოფლიოში

სამშენებლო სექტორის განვითარება მსოფლიოში ბოლო წლებში სულ უფრო ფართო მასშტაბის გახდა, რაზეც მოწმობს სტატისტიკა, კერძოდ, 2018 წლის მონაცემებით, ამ ბაზრის ღირებულება 1,39 ტრილიონს შეადგენდა [Delloite 2019], ხოლო 2019 წელს იგი 5%-ით გაიზარდა [Moody, 2019]. ექსპერტების შეფასებებით ბაზრის ღირებულება 2030 წლისთვის 8 ტრილიონს მიაღწევს. მოცემულ ვარაუდს კი ბაზრის ლიდერების, ჩინეთისა და აშშ-ის სამშენებლო სექტორის ზრდის ტემპები ამყარებს [ICE 2022].

ისტორიულად განვითარებულ ქვეყნებში სამშენებლო სექტორი იყო ძირითადი დამსაქმებელი ემიგრანტებისთვის, რაც ბაზარს თავის მხრივ იაფი სამუშაო ძალის ათვისების საშუალებას აძლევდა, თუმცა ბოლო წლების ბაზრის გიგანტი სახელმწიფოს, აშშ-ის პოლიტიკა ემიგრაციასთან დაკავშირებით საკმაოდ გამკაცრებულია, რაც სექტორს სამუშაო ძალის დეფიციტს უქმნის. შესაბამისად პრობლემის გადაჭრა ტექნოლოგიებში უნდა მოხდეს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად ვრცელდება ქვეყნიდან ქვეყანაში, სავარაუდოდ, დასაქმების ბაზარზე აღნიშნული პროცესები სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს.

ექსპერტები თვლიან, რომ სამშენებლო ინდუსტრია მომავალში დრამატული ცვლილებების კერა იქნება. სამშენებლო ინდუსტრიის სტატისტიკა გვაფიქრებინებს, რომ ზოგიერთი ჩვეულებრივი სტრუქტურა და პრაქტიკა შესაძლოა ეტაპობრივად გაუქმდეს და ახლით ჩანაცვლდეს, თუმცა ეს შეიძლება არ მოხდეს ძალიან სწრაფად. მრავალი ტექნოლოგიური მიღწევა  სხვადასხვა  დარგიდან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ასრულებენ მშენებლები და ინჟინერები თავიანთ სამუშაოს. რობოტებმა შეიძლება ჩაანაცვლონ სამუშაო ძალის გარკვეული წილი ხუთიდან ათ წელიწადში [Contractor, 2021], მაგრამ მაინც დიდი მოთხოვნაა ამ დარგში პროფესიონალებზე.აღნიშნული ტენდენციის პარალელურად, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში შეინიშნება ადამიანური შრომის ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტით, რაც თავის მხრივ განაპირობებს სამუშაოს სტრუქტურის ცვლილებასა თუ გარკვეული პოზიციების გაქრობას  [Dessler 2020, 12-13}. 

ტექნოლოგიური პროგრესის მსოფლიო პრაქტიკა და საქართველო

ტექნოლოგიური პროგრესი სოციალური უთანასწორობის ზრდის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად და უმუშევრობის დონის პირდაპირპროპორციულ სიდიდედ გვევლინება თანამედროვე სამყაროში. ტექნოლოგიური პროგრესისგან მიღებული სარგებელი ძირითადად ფიზიკური და ინტელექტუალური კაპიტალის მქონეებს ეკუთნით, რაც იწვევს შრომის ბაზარზე დამოკიდებულ ადამიანებსა და მათ შორის არსებულ ფინანსურ კონტრასტს. აღნიშნული მსჯელობის დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლის დონე ხშირ შემთხვევაში არ იზრდება და გარკვეულ შემთხვევებში მცირდება კიდეც [გელაშვილი, 2018]. ტექნოლოგიური პროგრესის, როგორც უმუშევრობის ზრდის გამომწვევი მოვლენის, ზრდის უარყოფით გავლენას მოწმობს ის ტენდენციაც, რომ საქმიანობის ავტომატიზაციის შედეგად გარკვეული პროფესიების არსებობა ეჭვქვეშ დგება. მაგალითისთვის, ბანკომატების რაოდენობის ზრდა და თანხის შეტანა-გატანის ფუნქციების დამატება მოლარეების რაოდენობას ყოველწლიურად ამცირებს [Worstall, 2011]. კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს არგენტინის ეკონომიკისთვის 2014 წელს დამდგარი ტექნოლოგიური პროგრესის უარყოფითი შედეგი, როდესაც ქვეყანაში სამშენებლო ბუმის პარალელურად დიდი ოდენობით სამშენებლო ტექნოლოგია შემოვიდა და დასაქმების დონემ   ფაქტობრივად 11%-იანი ვარდნა განიცადა [Worlddata, 2021].

სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაზეც მოწმობს მთლიან სამამულო პროდუქტში მისი წილი. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით სამშენებლო დეველოპერული კომპანიების მიერ განხორციელებული ბრუნვა 7,7 მლრდ-ს შეადგენს, რაც ამავე წლის მშპ-ის დაახლოებით 9%-ს უტოლდება. აღნიშნული მაჩვენებელი კი კოვიდპანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით ნაკლებია [საქსტატი, 2021]. ამავდროულად, ქართული სამშენებლო სფერო მრავალფეროვანია ინვესტიციური თვალსაზრისით, რადგან დეველოპერებს შორის მრავლად გვხვდება უცხოელი ინვესტორები, თუმცა ფაქტია, რომ ძირითად სამუშაო ძალას საქართველოს მოსახლეობა წარმოადგენს. საქსტატი ასევე გვაძლევს დასაქმებულთა სექტორული გადანაწილების შესახებ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2017 წელს ამ დარგში დასაქმებული იყო 83,9,   2018 წელს  – 99,0,   2019 წელს  – 102,1, ხოლო   2020 წელს კი  – 85,3 ათასი ადამიანი. რაც მთლიანად დასაქმებული მოსახლეობის 6,7-8,1%-მდე მერყეობს [Worldbankdata 2022].

არგენტინასთან შედარებით საქართველოს დასაქმების ბაზარზე შედარებით ნაკლები წილი აქვს სამშენებლო სფეროს, თუმცა უმუშევრობის დონე საქართველოში უფრო მაღალია, კერძოდ 2017, 2018, 2019 წლებში არგენტინაში უმუშევრობის დონე შესაბამისად იყო 8,35, 9,22 და 9,84%, მაშინ როდესაც საქართველოში ამავე წლების მონაცემებია 13,94, 12,67 და 11,57% [World bank data 2022].  ნათელია, რომ სამშენებლო ბიზნესი დასაქმების ბაზრისთვის საქართველოში შესაძლოა სერიოზულ გამოწვევად იქცეს, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი ადრე თუ გვიან აუცილებლად განაპირობებს. მით უფრო, რომ მშენებლობის პროცესში უფრო მეტად დაბალი პოზიციის მუშები არიან დასაქმებულები, რომელთათვისაც არაა აუცილებელი ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. სწორედ ეს შექმნის ძირითად პრობლემას, რაც ამ ადამიანების სხვაგან დასაქმებას გაართულებს. მასთან გამკლავება განათლების სისტემის პრეროგატივა და გამოწვევაა, რომელმაც უნდა განავითაროს პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებები. 

დასკვნა

გაუმართლებელია განვითარებას მხოლოდ ერთი ვექტორი გააჩნდეს. რაციონალიზმიდან გამომდინარე, საჭიროა მოხდეს ტექნოლოგიური პროგრესის სარგებლისა და ზიანის ურთიერთშედარება და მხოლოდ ამის შემდგომ იქნეს გზა ხსნილი ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებისკენ.

ტექნოლოგიური პროგრესი ჟამთა სვლის პარალელურად სულ უფრო და უფრო ნაკლებ ფიზიკურ შესაძლებლობებს მოითხოვს, რითაც ხასიათდება სწორედ ბოლო წლები. ამის საპირისპიროდ კი იზრდება მოთხოვნა მაღალინტელექტუალურ სამუშაო ძალაზე. აღწერილი ტენდენციის შენარჩუნების ფონზე კი იკვეთება ეკონომიკურ-სოციალური უთანასწორობის საფრთხე, რაც თავის მხრივ აუცილებელს გახდის რადიკალურ ცვლილებებს სხვადასხვა სფეროში, ხოლო პოლიტიკაში უპრეცედენტო რეფორმების გატარების საჭიროებას დააყენებს დღის წესრიგში. 

გამოყენებული ლიტერატურა

  • გელაშვილი ს., 2018, ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების გამოყენებისა და გლობალური ტექნოლოგიური პროგრესის ურთიერთკავშირი, ჟ: „გლობალიზაცია და ბიზნესი“, №6, გვ. 69-70.
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021, www.geostat.ge.
  • Afable M.V., 2019, Building Green – Minimizing The Environmental Impact of Construction. RetrievedfromBoldBusiness.
  • Budiac D., 2018, Construction Technology Trends – 2018 Report,Retrievedfrom SoftwareConnect.
  • Contractor, 2021, Construction Data: 2021 IndustryForecast,RetrievedfromContractor.
  • Deloitte, 2019, 2018 engineering and constructionindustryoutlook,RetrievedfromDeloitte.
  • Dessler, G., 2020, Humanresourcemanagement.NewYork,„Pearson“, p: 12-13.
  • ICE, 2020, Global construction market to grow $8 trillion by 2030: driven by China, US and India, Retrieved from ICE.
  • Moodys, 2018, Moody’s Global Construction Sector Outlook – October 2018, RetrievedfromForConstructionPros.
  • World Economic Forum, 2018, Future Scenarios and Implications for theIndustry, RetrievedfromWorldEconomicForum.
  • Worlddata, 2021.
  • WorstallT., 2011, ATMs Destroy Teller Job: Yes, Of Course They Do, That’s the Point of Having Them.